მექსიკისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა, კლაუდია შეინბაუმმა და დონალდ ტრამპმა, მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფების დაწესება ერთი თვით გადაიდო.
აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფების ამოქმედება 4 თებერვლიდან დაგეგმა.
მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა შეთანხმებას 3 თებერვალს, სატელეფონო საუბრისას მიაღწიეს.
შეთანხმების მიღწევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი. კლაუდია შეინბაუმის თქმით, მას კარგი საუბარი ჰქონდა ტრამპთან და ტარიფების დაწესება ერთი თვით გადაიდო.
მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავებენ.
ტარიფების გადადება თეთრმა სახლმაც დაადასტურა.
"შევთანხმდით, რომ შევაჩერებთ ტარიფებს ერთი თვით, რომლის განმავლობაში მოლაპარაკებები გაიმართება სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, ხაზინის მდივან სკოტ ბესენტის, ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკისა და მექსიკის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მონაწილეობით“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ტრამპის თქმით, მექსიკის პრეზიდენტი დათანხმდა, გაგზავნოს 10 000 სამხედრო აშშ-მექსიკის საზღვარზე, რათა აღიკვეთოს აშშ-ში ფენტანილის კონტრაბანდა და არალეგალური მიგრანტების ნაკადი.
1-ელ თებერვალს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი, ხოლო ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 10%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე, კანადის პრემიერ-მინისტრმა და მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ მიიღებენ საპასუხო ზომებს.
2 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ კანადა დააწესებს 25%-იან საპასუხო ტარიფებს აშშ-იდან იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე, ალკოჰოლზე, იარაღსა და მოტოციკლებზე. მექსიკის პრეზიდენტმა კი საპასუხო ზომების მომზადება ეკონომიკის სამინისტროს დაავალა.