აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სათაო ოფისი ვაშინგტონში დაიხურა. იტყობინება ტელეარხი CNN-ი.
მედიის ცნობით, თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით აცნობეს, რომ არ გამოცხადდნენ სამსახურში.
"სააგენტოს ხელმძღვანელობის მითითებით, USAID-ის სათაო ოფისი, რომელიც ვაშინგტონში, რონალდ რეიგანის სახელობის შენობაში მდებარეობს, დაიხურება სააგენტოს თანამშრომლებისთვის ორშაბათიდან. თანამშრომლები, რომლებიც ჩვეულებრივ მუშაობდნენ სააგენტოსთვის, იმუშავებენ დისტანციურად, გარდა იმ პერსონალისა, რომლებიც ადგილზე ასრულებენ შენობის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ სამუშაოებს. ასეთ პერსონალს ხელმძღვანელობა ინდივიდუალურად დაუკავშირდება", - ნათქვამია ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში, რომელიც CNN-მა მოიპოვა.
როგორც CNN იუწყება, შენობის კედლებიდან ჩამოხსნეს სააგენტოს ლოგოები და ფოტოები, რომელიც აღწერდა USAID-ის საქმიანობას. სააგენტოს ვებგვერდმა და ანგარიშმა სოციალურ ქსელ X-ზე ფუნქციონირება რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა.
ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელობას გაათავისუფლებს. მისი თქმით, USAID-ს "რადიკალი შეშლილები" მართავენ.
"ჩვენ მათ გავათავისუფლებთ და საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ", - თქვა ტრამპმა.
მედიის ცნობით, სააგენტოს რამდენიმე თანამშრომელს ხელშეკრულება შეუწყვიტეს ან ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს, რადგან ისინი ცდილობდნენ, რომ გვერდი აევლოთ პრეზიდენტის განკარგულებისთვის საერთაშორისო დახმარების შეჩერების თაობაზე.
მანამდე, ულტრამილიარდერმა ილონ მასკმა, რომელიც მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს უდგას სათავეში, უმკაცრესად გააკრიტიკა USAID-ი, მას კრიმინალური ორგანიზაცია უწოდა და ბიოლოგიური იარაღის განვითარების დაფინანსებაში დაადანაშაულა. მასკs თავისი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
USAID-ი, რომლის წლიური ბიუჯეტი თითქმის 43 მილიარდი დოლარია, პასუხისმგებელია უცხოეთის ქვეყნებისთვის აშშ-ის დახმარების მართვასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე.
2025 წლის იანვარში დონალდ ტრამპმა USAID-ის პროგრამები 90 დღით შეაჩერა აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მათი შესაბამისობის დადგენამდე.