მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა, ეს არის მზიას დანაბარები - აცხადებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.
დღეს, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი საპატიმროში მოინახულა.
"მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა. ეს არის მზიას დანაბარები. მზია ასევე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის გადატანა არის უტიფრობა. მას მისდის არაერთი წერილი, რომლითაც შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ, მაგრამ არ შეუძლია ამ თხოვნების გაზიარება, რადგან უსამართლობასთან შეგუება ვერ წარმოუდგენია.
ის პასუხისმგებლობას აკისრებს "ქართულ ოცნებას", სოზარ სუბარს, და ყველა იმ პირს, ვინც მის საქმეზე უტიფრულ განცხადებებს აკეთებს", - წერს ნონა ქურდოვანიძე.
ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.
მზია ამაღლობელი უკვე მე-23 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.