ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ევროპას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში წარმომადგენლობის საკითხზე შეთანხმება სჭირდება.
ამის შესახებ ნაუსედამ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში, ნაუსედამ უპასუხა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას ამის შესაბამისი მანდატი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან აქვს მიღებული.
„თუმცა, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ განსხვავებული მიდგომები არსებობს. ჩემი აზრით, პარასკევს ამის განხილვისა და, შესაძლოა, წარმომადგენლობის უფრო რთული ფორმულების მოძებნის შესანიშნავი შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა ლიეტვის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თუ რუსეთი დაინახავს, რომ ევროპის წარმომადგენლები მუდმივად იცვლებიან, ეს მოლაპარაკებების შედეგზე დადებითად არ აისახება.
„უნდა შევიმუშაოთ წარმომადგენლობის ყველასთვის გასაგები და მისაღები ფორმულა და რაც უფრო მალე გავაკეთებთ ამას, მით უკეთესი“, - აღნიშნა ნაუსედამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სახელით მოლაპარაკებებში მონაწილე წარმომადგენლის საკითხზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ესტონეთი მიიჩნევს, რომ ევროპას ანტონიო კოშტა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უნდა წარმოადგენდნენ. ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, მიჰოლ მარტინის აზრით კი, ევროპას რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის აუცილებლად ერთი წარმომადგენელი არ სჭირდება.
მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ მოითხოვა, ევროკავშირმა განსაზღვროს, ვინ და რა მანდატით უნდა წარმოადგენდეს გაერთიანებას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში.