დღეს, ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, სრულიად დადასტურებულად, ტელეკომპანია „ფორმულას“ ექსპერიმენტით, ოკუპანტი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს სარეკლამო რგოლებს, საქართველოს მოქალაქეების მათ მხარეს, ტერორისტულ ომში ჩათრევის მიზნით, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში წერს
ის ეხმიანება„ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ოკუპანტი სახელმწიფო ქართველ მამაკაცებს სამშენებლო სამუშაოების, რუსეთის მოქალაქეობის სწრაფად მიღების და მაღალი ანაზღაურების დაპირებით იზიდავს, სინამდვილეში კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს“.
მისი თქმით აღნიშნული ვიდეო რგოლები არ არის კერძო რეკლამა, მისივე თქმით, ეს არის მტრული სახელმწიფოს მტრული ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს.
„მიმართვა რუსეთის მსახურებს: შალვა პაპუაშვილს, მაკა ბოჭორიშვილს და სუს-ის უფროსს (სახელი არ ვიცი)! არალეგიტიმურობის პირობებში, თქვენ, დე-ფაქტო, აკონტროლებთ ძალაუფლების ბერკეტებს. ეს გაკისრებთ ვალდებულებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეზე.
სრულიად გააზრებულად არ მიგითითებთ ქვეყნის ინტერესებსა და ღირსებაზე, რადგან თქვენი აღქმა ღირსების ამ გამოწვევას ვერ უპასუხებს. თქვენ ღირსება მხოლოდ მაშინ გელახებათ, როდესაც ევროკავშირი მიგითითებთ - ჩვენი წევრობა თუ გინდათ, ნუ სცემთ გურამ როგავას, ნუ სცემთ მაკა ჩიხლაძეს, მარიამ გაფრინდაშვილს, თამარ ბაღაშვილს, ნუ კლავთ ლექსო ლაშქარავას, არ დაიჭიროთ ვახო სანაია აზრის გამოხატვის გამო, არ დაიჭიროთ ადამიანი ტროტუარზე დგომის გამო. ლაშა ნაცვლიშვილის გინებაც შეიმჩნიეთ, როცა სხვას ამისთვის იჭერთ, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისთვის კანონებს ნუ იღებთ. ციხეში ადამიანებს ნუ სცემთ და ნუ აუპატიურებთ, ილიაუნის ნუ ერჩით, რადგან სტუდენტების გეშინიათ და ასე შემდეგ. აი, მხოლოდ ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე გელახებათ თქვენ ღირსება. ამიტომ არ ვსაუბრობ თქვენთან არც ღირსებაზე და არც ეროვნულ ინტერესებზე, უბრალოდ მიგითითებთ თქვენს მყისიერ ვალდებულებაზე - დაიცვათ ადამიანები ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ომში ჩართვისგან.
თუ რუსების მსახურების ან მონობის ეპითეტი გაგაბრაზებთ, პოსტი თავიდან გადაიკითხეთ, ეცადეთ, გაიგოთ მისი შინაარსი, ბრაზი ამჯერად წყალს კი არ გაატანოთ, მოსკოვში გააგზავნეთ.
აქვე მინდა, მთელი გულით მივმართო სისტემაში მომუშავე ყველა ძალოვან ომის ვეტერანს! თავს უფლებას არ მივცემ, რაიმე პოლიტიკური მოწოდებით მოგმართოთ, პატივს ვცემ თქვენს გავლილ ბრძოლას და თქვენს თავდადებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, დაფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენი საერთო მტრის გავლენა იმდენად გაძლიერდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ომში საკუთარ მხარეს ექაჩებიან, თქვენი უფროსები კი - დუმან. საჯარო მოქმედებასაც არ გთხოვთ. უბრალოდ, სინდისის კარნახითა და თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედეთ, რომ მერე მთელი ცხოვრება ეს დუმილი სანანებელი არ გქონდეთ“, - წერს ელენე ხოშტარია.