პანამა არ განაახლებს ჩინეთთან არსებულ ინიციატივას "ერთი სარტყელი, ერთი გზა", რომელიც სხვათა შორის, ქვეყნების შორის პანამის არხის სავაჭრო მიზნებისთვის გამოყენების შეთანხმებასაც მოიცავს. ამის შესახებ 3 თებერვალს, პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ განაცხადა.
"მივიღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მსურს გაუწყოთ, რომ მთავრობა არ განაახლებს ჩინეთთან ურთიერთგაგების მემორანდუმს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის შესახებ, რომელიც 2017 წელს გავაფორმეთ. ჩვენ განვიხილეთ პროექტის ვადაზე ადრე შეწყვეტის შესაძლებლობა", - თქვა მულინომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკების შემდეგ.
მულინოს განცხადებით, მარკო რუბიოს მხრიდან არ ყოფილა არავითარი საფრთხე, რომ პანამის არხის აშშ-ის კონტროლქვეშ დაბრუნება მოხდება ძალის გამოყენებით ან მის გარეშე.
პანამის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის მოსაზრებით, ჩინეთის ყოფნა რეგიონში იმ ხელშეკრულების დარღვევად აღიქმება, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონმა არხზე კონტროლი პანამას გადასცა.
თავის მხრივ, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პეკინის გავლენა ამ მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე არღვევს აშშ-ის მიერ აშენებული არხის მუდმივი ნეიტრალიტეტის ვალდებულებას და ეს დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს.
2 თებერვალს მარკო რუბიომ ხოსე რაულ მულინოსთან შეხვედრისას უკმაყოფილება გამოთქვა პანამის არხზე ჩინეთის გავლენის გამო.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, არსებული ვითარება მიუღებელია და შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს ზომები საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
პანამის პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივანთან მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ არხი პანამის კონტროლქვეშაა და ამას არაფერი შეცვლის. მისივე განმარტებით, ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ შეიქმნას ორმხრივი ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც უფრო დეტალურად შეისწავლიან ვითარებას პორტებში.
პანამაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა. ათობით ადამიანი გამოვიდა პანამის ქუჩებში და გააპროტესტა ვაშინგტონის პრეტენზიები არხთან დაკავშირებით.
1903 წელს შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა პანამის კოლუმბიისგან გამოყოფას და დადო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ვაშინგტონმა მიიღო პანამის არხის ტერიტორიის გამოყენებისა და გაკონტროლების უფლება განუსაზღვრელი ვადით.
1914 წლიდან, პანამის არხის მშენებლობის დასრულებიდან, აშშ ათწლეულების განმავლობაში მართავდა 82-კილომეტრიან არხს. 1999 წელს არხზე სრული კონტროლი პანამას გადაეცა. შეერთებული შტატები იტოვებდა უფლებას, გამოიყენოს სახმედრო ძალა არხის ნეიტრალიტეტის შესანარჩუნებლად.