უნგრეთი და სლოვაკეთი გეგმავენ ევროპის სასამართლოში რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვის შესახებ ევროკავშირის გეგმის გასაჩივრებას აპირებენ. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ Х-ზე დაწერა.
კერძოდ, სიიარტომ განაცხადა, რომ გეგმის მიღების შემდეგ უნგრეთმა და სლოვაკეთმა შესაძლოა სასამართლოში სარჩელი უკვე მომავალ კვირას შეიტანონ.
„როგორც კი RePowerEU-ის გეგმა მომავალ კვირას დამტკიცდება, სლოვაკეთთან ერთად, ევროპის სასამართლოში შევიტანთ მოთხოვნას აღნიშნული გეგმის გაუქმების შესახებ და მოვითხოვთ ამ რეგულაციის შეჩერებას სასამართლო პროცესის განმავლობაში“, - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
სიიარტო სასამართლოში მიმართვის აუცილებლობას იმით ხსნის, რომ რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვამ შესაძლოა ფასების ზრდა გამოიწვიოს.
„ჩვენ ამ ნაბიჯს ვდგამთ, რადგან რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვა შეუძლებელს გახდის უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგომომარაგების უსაფრთხო მიწოდებას და ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს“, - წერს ის.
გარდა ამისა, სიიარტო მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გეგმა ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს.
„ეს რეგულაცია ასევე წარმოადგენს მასშტაბურ იურიდიულ თაღლითობას, რადგან ის აშკარად წარმოადგენს სანქციების ზომას, რომელიც ერთხმად დამტკიცებას მოითხოვს. ის ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის ხელშეკრულებებს, რომლებშიც მითითებულია, რომ ენერგეტიკული პოლიტიკა ეროვნული პასუხისმგებლობაა და ეწინააღმდეგება საკუთარ შეფასებასაც კი“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისათვის 3 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ და ევროპარლამენტის მომლაპარაკებლებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ.