საპარლამენტო არჩევნებიდან 240 დღის შემდეგ, ბელგიაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა სამთავრობო კოალიცია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მემარჯვენე პოლიტიკოსი ფლამანდიიდან ბარდ დე ვევერი.
54 წლის ვევერის მთავრობის მეთაურად ინაუგურაცია ბრიუსელში, სამეფო რეზიდენციაში გაიმართა. ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბელგიის მეფე ფილიპის წინაშე ფიცი ბელგიის 3 ოფიციალურ ენაზე - ფრანგულ, ჰოლანდიურ და გერმანულ ენებზე - დადო.
ბელგიის საპარლამენტო არჩევნებში ბარტ დე ვევერის "ახალმა ფლამანდიურმა ალიანსმა" საუკეთესო შედეგი აჩვენა, თუმცა დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო და კოალიციურმა მოლაპარაკებებმა 8 თვეს გასტანდა.
31 იანვარს ბარტ დე ვევერმა ბელგიის მეფეს აცნობა, რომ წარმატებით დასრულდა კოალიციური მოლაპარაკებები და ჩამოყალიბდა მთავრობა „ახალი ფლამანდიური ალიანსისა“ და კიდევ 4 სხვა პარტიის შემადგენლობით.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგიის ფედერალურ მთავრობას მემარჯვენე ნაციონალისტური პარტია უხელმძღვანელებს, თუმცა სააგენტო dpa-ს ცნობით, მოსალოდნელი არ არის, რომ ბელგიის პოლიტიკა მკვეთრად მარჯვნივ გადაიხრება. dpa განმარტავს, რომ ცენტრისტულ პარტიებს ერთად ჯერ კიდევ აქვთ მკაფიო უმრავლესობა კოალიციაში.
მმართველ კოალიციაში, "ახალი ფლამანდიური ალიანსის" გარდა, შედიან ფრანგულენოვანი ლიბერალური პარტია "რეფორმისტული მოძრაობა", "ქრისტიან-დემოკრატები და ფლამანდიელები", ფლამანდიური სოციალისტური პარტია Vooruit და ფრანგულენოვანი ცენტრისტული პარტია Les Engages. საერთო ჯამში, კოალიციას ბელგიის პარლამენტში 150 მანდატიდან 81 აქვს.
ბარტ დე ვევერს მთავრობის ფორმირება ბელგიის მეფემ 2024 წლის 2 სექტემბერს დაავალა.
ბარტ დე ვევერი 2013 წლიდან ანტვერპენის მერი იყო. წარსულში იგი მხარს უჭერდა სოციალური შეღავათების შემცირებას და საპენსიო რეფორმას, რის გამოც მკაცრად აკრიტიკებდნენ ბელგიის პროფესიული კავშირები.
დე ვევერი, რომელმაც ალექსანდრ დე კროო შეცვალა, გახდა ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი ფლანდრიის რეგიონიდან, რომლის დამოუკიდებლობასაც ითხოვდა თავისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში.