საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, "გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მიიღო".
მათივე ცნობით, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს არაერთი ფუნქცია გამოაკლდა, მათ შორის თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და საჯარო სამსახურში ეთიკისა და კეთილსინდისიერების კონტროლის ფუნქციები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს რეგულირების სფეროში გადავიდა.
"ამ ეტაპზე საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები არსებითად შემოიფარგლება საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე მუშაობით, რაც მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება, და საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რაც მეტწილად ტექნიკურ ფუნქციას წარმოადგენს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამსახურის ბიურო თავდაპირველი ფუნქციების ერთ მესამედს უკვე აღარ ფლობს, სსიპ-ის ფორმით მისი არსებობა მიზანშეუწონელია.
აქედან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო სსიპ-ის ფორმით აღარ იფუნქციონირებს და მის უფლებამოსილებაში დარჩენილ ფუნქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.