უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, 11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო.
ამის შესახებ არახამიამ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
არახამიას თქმით, რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებებზე ძალიან მკაცრი მითითებებით მივიდა, რის გამოც დისკუსიის ტონის შერბილება უკიდურესად რთული აღმოჩნდა.
„რადგან ამ პროცესში 2022 წლიდან ვმონაწილეობ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე რთული რაუნდი იყო. ვფიქრობ, რუსები ძალიან მკაცრი მითითებებით მოვიდნენ, ამიტომ დისკუსიის შერბილება უკიდურესად რთული იყო“, - განაცხადა არახამიამ.
ამასთან, არახამიამ აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებმა შეძლეს დისკუსიის ისე წარმართვა, რომ მხარეებმა ომის შემდგომი ვითარების განხილვა დაიწყეს, რამაც დიალოგი უფრო პროდუქტიული გახადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმება იყო. არახამიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს გაცვლა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება.
მოლაპარაკებების შემდეგ არახამიამ ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში ევროპის ქვეყნების მონაწილეობა აუცილებელია, რადგან განხილული საკითხები ევროპის ომისშემდგომ უსაფრთხოებასაც ეხება.
ორი დღის განმავლობაში მხარეებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ომის შემდგომი აღდგენა და ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა განიხილეს.
აშშ-ის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 12 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ, შემდეგ კი დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავენ.