აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრებმა მოამზადეს აქტის პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მოლაპარაკებების დაიწყოს დანიასთან გრენლანდიის შესყიდვაზე. იუწყება Reuters-ი, რომელმაც ნახა კანონპროექტის დოკუმენტი.
კანონპროექტს ეწოდა"გავხადოთ გრენლანდია კვლავ დიდებული" (Make Greenland Great Again), რომელიც ტრამპის მთავარი პოლიტიკური სლოგანის - Make Amerikca Great Again - ანალოგიაა.
Reuters-ის ინფორმაციით, ამჟამად რესპუბლიკელი კანონმდებლები ცდილობენ, მოიპოვონ დოკუმენტის წინსვლისთვის საჭირო მხარდაჭერა. თუ კანონპროექტს მიიღებენ, ის ტრამპს ინაუგურაციის შემდეგ დაუყოვნებლივ დანიასთან მოლაპარაკებების დაწყების საშუალებას მისცემს.
"კონგრესი უფლებამოსილებას ანიჭებს პრეზიდენტს, 2025 წლის 20 იანვარს, აღმოსავლეთის სტანდარტული დროით 12:01 საათზე, დაიწყოს მოლაპარაკებები დანიის სამეფოსთან შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის შეძენის უზრუნველსყოფად", - ნათქვამია დოკუმენტში.
კონსიტიტუციის თანახმად, ხელისუფლების აღმასრულებელი შტო ვერ განახორციელებს ასეთი სახის შესყიდვას, თუ იგი არ იქნება დამტკიცებული პალატისა და სენატის მიერ.
კანონპროექტის ავტორია რესპუბლიკელი კონგრესმენი ენდი ოგლესი. პროექტს ამ დროისთვის 10 კონგრესმენი სპონსორი ჰყავს.
7 იანვარს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟი გრენლანდიას ეწვია. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის ოფიციალური ამერიკული ვიზიტი.
დონალდ ტრამპმა გრენლნადიის დანიისგან შესყიდვის განზრახვა ჯერ კიდევ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადისას გამოაცხადა. მაშინ ამ განზრახვამ ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაციება გამოწივა. პრემიერ-მინისტრმა ფრედერიკსენმა იდეას "აბსურდული" უწოდა.
2024 წლის დეკემბერში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისთვის გრენლანდიის ფლობსა და კონტროლს აბსოლუტურ აუცილებლობად მიიჩნევს, მისი ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ტრამპმა უარი თქვა, გამოერიცხა პანამის არხისა და გრენლანდიის ხელში ჩაგდებისთვის სამხედრო ან ეკონომიკური ზომების გამოყენების შესაძლებლობა.
დანიის მთავრობამ დეკემბერში განაცხადა, რომ გაზრდის თავდაცვის ხარჯებს სულ მცირე 1.5 მილიარდი დოლარით. გარდა ამისა, სამეფომ შეცვალა ოფიციალური გერბი, სადაც უფრო ფართო მნიშვნელობა მიანიჭა გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების სიმბოლოებს.