შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას პანამის არხზე აშშ-ის კონტროლის აღდგენა სურს.
21 დეკემბერს ტრამპმა პანამა დაადანაშაულა პანამის არხზე "უსამართლოდ" მაღალი ტარიფების დაწესებაში და მასზე აშშ-ის კონტროლის აღდგენით დაიმუქრა.
არხი თამაშობს "გადამწყვეტ როლს ამერიკის ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში", - დაწერა ტრამპმა TruthSocial-ზე და დასძინა, რომ ის არ დაუშვებს, რომ ეს "კრიტიკული აქტივი" არასწორ ხელში მოხვდეს, განსაკუთრებით ჩინეთის კონტროლის ქვეშ.
ტრამპის განცხადებას სწრაფად გამოეხმაურა პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო. მან უარყო ტრამპის მუქარა არხის აშშ-ის კონტროლქვეშ დაბრუნების შესახებ.
მულინომ ასევე აღნიშნა, რომ პანამის არხს არც პირდაპირ და არც ირიბად არ აკონტროლებენ ჩინეთი, ევროკავშირი ან აშშ.
ამავდროულად, პანამის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პანამა და აშშ შეინარჩუნებენ "კარგ და პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს" დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ.
"პანამის არხის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ყოველი კვადრატული მეტრი ეკუთვნის პანამას და ეს ასე დარჩება", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
"ვნახოთ", - ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი პანამის პრეზიდენტის განცხადებას და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აშშ-ის არხში".
პანამის არხის მშენებლობა 1914 წელს დასრულდა. იგი ერთმანეთთან აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს. არხი ჭრის პანამის ყელს და წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს არტერიას. არხის მშენებლობა შეერთებულმა შტატებმა განახორციელა.
1999 წელს შეერთებულმა შტატებმა არხის სრული კონტროლი პანამას გადასცა.
პანამის არხს დიდი მნიშვნელობა აქვს გლობალური ვაჭრობისთვის: სხვადასხვა შეფასებით, მასზე გადის გლობალური კომერციული გადაზიდვების ხუთი პროცენტი. არხის ყველაზე ინტენსიური მომხმარებლები არიან აშშ, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა.