შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი,1982 წელს დაბადებული გივი ზაუტაშვილი და 1981 წელს დაბადებული ლევან გელაძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას, ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა - გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა.
„პოლიციამ სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა. ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ლევან გელაძე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეა, გივი ზაუტაშვილი ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ნიკა ზაუტაშვილი მისი ძმაა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან გელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, გივი ზაუტაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად "ილიაობის" დღესასწაულზე დაუპირისპირდნენ, რაც შემდგომ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.