პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას პატიმრობაში ყოფნა მისი პირადი არჩევანია და სახელმწიფოს მისთვის სასჯელის შემსუბუქების შესაძლებლობაც ჰქონდა შეთავაზებული.
ქადაგიშვილი ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას, რომელშიც ორგანიზაცია ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
მისი თქმით, ხოშტარიამ საარჩევნო პროცესში კანონდარღვევა შეგნებულად ჩაიდინა და ამით სახელმწიფოსა და კანონიერების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების დემონსტრირება სცადა.
„ის გზა, რაც ქალბატონმა ხოშტარიამ აირჩია, არის აბსოლუტურად მისი შეგნებული არჩევანი. ანუ მან შეგნებულად თქვა, რომ: მე საარჩევნო პროცესში ისეთ დარღვევას ჩავიდენ, რაც დასჯადი არის კანონით. შეგნებულად თქვა და დემონსტრაციულად გააკეთა.
ორი მიზანი ჰქონდა, რომ ამით გამოეწვია სახელმწიფო და კანონი, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ მისთვის სახელმწიფო და კანონიერება არაფერს არ ნიშნავს “, - განაცხადა ქადაგიშვილმა..
მისივე მტკიცებით, ხოშტარიას შეეძლო გირაოს გადახდა ან შეწყალების მიღება, თუმცა პატიმრობაში დარჩენა არჩია. ქადაგიშვილის თქმით, როდესაც ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სახელმწიფომ კანონის შესაბამისად იმოქმედა და ის პენიტენციური დაწესებულებიდან სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ქადაგიშვილმა ასევე გააკრიტიკა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მისი შეფასებით, დემოკრატიას კონსტიტუციური წესრიგისა და კანონიერების დარღვევას უკავშირებენ.
„ეს არ არის მათთვის არანაირი ინდულგენციის საშუალება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამგვარი პოზიციის მქონე ორგანიზაციებს მოსახლეობაში ნულოვანი რეიტინგი აქვთ.