ირაკლი კობახიძემ ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს, სახელმწიფო დაცვა მოუხსნა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მდინარაძეს დაცვა 8 სექტემბრის განკარგულებით, საჭიროების შემთხვევაში, 2027 წლის 1 აგვისტომდე ჰქონდა დანიშნული. თუმცა, კობახიძის მიერ 20 ნოემბერს ხელმოწერილი ახალი განკარგულებით, ეს გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა.
მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 27 აგვისტოს განაცხადა, რეგიონული განვითარების მინისტრად დანიშვნიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში. მიზეზად მან პოლიტიკური საქმიანობით გამოწვეული სტრესი და ოჯახისთვის მეტი დროის დათმობის სურვილი დაასახელა.