უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევგენი ხმარამ და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უეს სტრიტინგმა დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
შეთანხმებების თანახმად, უკრაინული საშუალო მოქმედების (Middle Strike) და შორი მოქმედების (Deep Strike) დრონები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე დამზადდება და უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებებს მოხმარდება.
უკრაინული მხარის ცნობით, ერთობლივი წარმოება ბრიტანეთის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. წარმოებული დრონები, რომლებმაც ბრძოლის ველზე ეფექტიანობა უკვე დაამტკიცეს, უკრაინელ სამხედროებს გადაეცემათ.
„ვიწყებთ პროექტებს, რომლებიც ორივე ქვეყნის შესაძლებლობებს აძლიერებს და ჩვენი თავდაცვის მრეწველობის განვითარებას აჩქარებს. უკრაინას აქვს ეფექტიანი თავდაცვითი გადაწყვეტილებები და მტერთან ბრძოლის ფასდაუდებელი გამოცდილება. ჩვენ მათ დიდი ბრიტანეთის საწარმოო შესაძლებლობებს ვუკავშირებთ, რათა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის გამოცდილი საშუალებების წარმოება უფრო სწრაფად გავაფართოოთ“, - განაცხადა ევგენი ხმარამ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინას საკუთარი მარაგებიდან ოპერატიულად გადასცა LMM ტიპის რაკეტები, სანაცვლოდ კი სამომავლო მიწოდებაზე შეთანხმდა.
უწყების განმარტებით, ამ ტიპის რაკეტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეაქტიული „შაჰედების“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეხვედრისას მხარეებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შემდგომი ნაბიჯებიც განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო არსებული მარაგებიდან LMM-ის ტიპის რაკეტების ახალი პარტიების მიწოდების დაჩქარებას, უკრაინის შორი მოქმედების შესაძლებლობების გაძლიერებასა და უკრაინული წარმოების რაკეტების მოდერნიზაციას.