დანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის წესების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. კოპენჰაგენი ასევე ითხოვს რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას და შენგენის ზონაში რუსეთის არაბიომეტრიული პასპორტების აღიარებაზე უარის თქმას.
ამის შესახებ Reuters ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით წერს.
დანიამ ეს ინიციატივა მას შემდეგ წამოაყენა, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სავარაუდოდ დაგეგმილი მკვლელობის მცდელობა აღკვეთა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გაძევების შესახებაც განაცხადა. დიპლომატმა დანია შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვოს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებისთვის გაგზავნილ წერილში დანია ასევე ითხოვს, რომ:
შეჩერდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა;
შენგენის ზონის მასშტაბით არ აღიარონ რუსეთის არაბიომეტრიული პასპორტები;
უფრო აქტიურად გაიცეს ტერიტორიულად შეზღუდული ვიზები, რომლებიც მფლობელებს შენგენის სხვა ქვეყნებში გადაადგილების უფლებას არ მისცემს;
გამკაცრდეს ევროკავშირში შესვლის წესები რუსეთის მოქმედი და ყოფილი სამხედროებისთვის.
დანია ინიციატივებს ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების ორშაბათის შეხვედრაზე წარადგენს.
Reuters-ის ცნობით, დანიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინელი რეპერის, Kyivstoner-ის მკვლელობას გეგმავდნენ. სავარაუდო თავდასხმა სექტემბერში, კოპენჰაგენის მახლობლად დაგეგმილ კონცერტამდე უნდა მომხდარიყო.
რუსეთის საელჩომ კოპენჰაგენში დანიის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მათ დასადასტურებლად მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დანიას სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მალე ახალ ევროპულ უსაფრთხოების სტრატეგიას წარადგენს. ამასთან, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტზეც მუშაობს, რომლის განხილვისას სავიზო შეზღუდვების საკითხიც განიხილება.