უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაცია „დათვების ხაფანგი“ ჩაატარეს, რომლის შედეგადაც 204 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია და 14 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იუწყება.
ISW-ის ცნობით, ოპერაციის მიზანი რუსეთის გეგმის ჩაშლა იყო, რომელიც უკრაინული ქვედანაყოფების ალყაში მოქცევას ითვალისწინებდა. ამისთვის უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ყურადღების გადატანის ტაქტიკა, ტანკები, ამერიკული წარმოების Bradley-ის საბრძოლო მანქანები და დრონები გამოიყენეს.
ოპერაციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მომარაგების მარშრუტების დისტანციური დანაღმვა იყო. სპეციალური ქსელური სისტემების საშუალებით უკრაინულ ძალებს ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 30 კილომეტრის დაშორებით გზების დანაღმვა შეეძლოთ.
475-ე მოიერიშე პოლკის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ოლექსანდრ ნასტენკოს განცხადებით, ოპერაციის მიმდინარეობისას უკრაინული ძალები მკაცრად იცავდნენ ოპერატიულ უსაფრთხოებას, რის გამოც რუსეთის სარდლობამ მათი რეალური ჩანაფიქრის დროულად ამოცნობა ვერ შეძლო. მისივე თქმით, ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა და სამხედროები სასაზღვრო დასახლებების გაწმენდას განაგრძობენ.
ISW-ის შეფასებით, რუსეთის სარდლობა სოფელ პრიკოლოტნოესთან უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას გეგმავდა. რუსული ქვედანაყოფები შეტევას ორი მიმართულებიდან - არტილნესა და ვილხოვატკიდან, ასევე ვოლჩანსკისა და ბელი კოლოდეზის გავლით ახორციელებდნენ.
რუსეთის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა 16 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის ოპერაცია დასრულებული იყო და 28 დასახლებული პუნქტი და 461 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს. თუმცა, უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევის შედეგად რუსეთის გეგმა ჩაშალეს.
უკრაინული მხარის მონაცემებით, ოპერაციის შედეგად რუსეთის დანაკარგებმა დაახლოებით 800 სამხედრო და 400-მდე ერთეული ტექნიკა შეადგინა.
ვილხოვატკის დასახლების მიმდებარედ თითქმის 200 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია და 14 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა.