პარტია ALDE-მ საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი გმობს ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საქართველოს მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს ეს პროცესი.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მიუღებელია პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა, მშვიდობიანი პროტესტის ხელყოფა და სოციალურ ქსელებში გამოთქმული კრიტიკისთვის მოქალაქეების დასჯა.
ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილისა და რეპრესიების ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ ფინანსური და სამოგზაურო სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებისკენ მოუწოდებენ.
რეზოლუციაში ხაზგასმით არის დაგმობილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა, ონლაინ კრიტიკის გამო მოქალაქეების დასჯა და ძალადობაში მხილებული პირების დაუსჯელობა.
„უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ALDE-ს პარტიაში საქართველოში პოლიტიკურ მოვლენებზე. “ქართული ოცნების” რეჟიმი სულ უფრო და უფრო ამკრძალავი და რეპრესიული ხდება პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ძალიან შეშფოთებულები ვართ პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და პოლიტიკური ლიდერებისადმი მოპყრობის გამო.
ეს უსამართლოა და ევროკავშირს მოვუწოდებთ, რომ უფრო გამბედავად იმოქმედონ - “ქართული ოცნების” რეჟიმის პასუხისმგებელი ლიდერების მიზნობრივი სანქციები, აქტივების გაყინვა, მაგრამ ასევე სავიზო შეზღუდვები", - განაცხადა ALDE პარტიის პრეზიდენტმა, სვენია ჰანმა.