უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ომში რეალურ დათმობებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინის მხარდაჭერის მძლავრ პაკეტს დაამტკიცებს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მხარეებს წლის ბოლომდე დეესკალაციის მიღწევის შესაძლებლობა ექნებათ.
ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„რუსეთი რეალისტურ ნაბიჯებს გადადგამს იმ მომენტში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი უკრაინის მხარდაჭერის მძლავრი პაკეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება. ეს პაკეტი შეიძლება ორ კომპონენტს მოიცავდეს - სანქციებსა და შეიარაღებას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ 2024 წელს დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე მას „გამარჯვების გეგმა“ (Victory Plan) წარუდგინა. მისი თქმით, გეგმაში მკაფიოდ იყო მითითებული, რომ თუ აშშ უკრაინას კონკრეტულ დახმარებას გაუწევდა, ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდებოდა და რეალური ნაბიჯების გადადგმისთვის მზად იქნებოდა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინის მხარდაჭერის ამგვარი პაკეტის განხილვას შეძლებს, წლის ბოლომდე მხარეებს დეესკალაციაზე შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა ექნებათ.
ზელენსკის შეფასებით, უკრაინის სამხედრო გაძლიერებამ შესაძლოა რუსეთს დიპლომატიური გზის არჩევისკენ უბიძგოს, ნაცვლად იმისა, რომ მოსკოვმა ზამთრის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ ომის ესკალაცია სცადოს
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინის მხარდაჭერის ამგვარი ინიციატივის განხილვას შეძლებს, „წლის ბოლომდე მხარეებს ნამდვილად ექნებათ შესაძლებლობა, სცადონ შეთანხმების მიღწევა დეესკალაციის გარკვეულ ფორმაზე მაინც“.
„ამ შემთხვევაში შესაძლებლობების ფანჯარა ყველასთვის გაიხსნება, მათ შორის რუსეთისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყველაფერს ამ ზამთარზე დებს. თუ უკრაინა გაძლიერდება, უმჯობესია დიპლომატიის გზის მოსინჯვა, ვიდრე ამ გაძლიერების გამოცდა. პუტინმა ეს მოტივი უნდა გაითვალისწინოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.