უკრაინა დანიისგან 645 მილიონი ევროს ღირებულების მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას მიიღებს. პაკეტში, სხვა შეიარაღებასთან ერთად, F-16 ტიპის გამანადგურებლებისთვის განკუთვნილი 20-მმ-იანი საბრძოლო მასალაც შედის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, 20-მმ-იანი საბრძოლო მასალა უკრაინას რეაქტიული დრონების, მათ შორის „შაჰედების“, ჩამოსაგდებად სჭირდება.
მისივე ინფორმაციით, დანია დაახლოებით 200 მილიონ ევროს დრონების წარმოებისთვის გამოყოფს, ასევე დაფინანსდება ერთობლივი წარმოების პროექტებიც.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტი ხერსონის ოლქისთვის განკუთვნილ ენერგეტიკულ კომპონენტსაც მოიცავს. მისი თქმით, დანიის მხარეს ხერსონის რეგიონში არსებული რთული ენერგეტიკული ვითარების შესახებ მიმართა.
„ცალკე განვიხილავთ F-16-ებისთვის საჭირო საბრძოლო მასალის დიდ რაოდენობას - 800 ათას ჭურვს. ეს ექვსი თვის სამყოფია. დანიაში გამართული შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ისინი ამ საკითხს მოაგვარებენ. ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, F-16-ებისთვის საჭირო საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია.
ზელენსკის განცხადებით, ასევე დაიწყო მზადება „რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრისთვის, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად ის შეხვედრას ონლაინფორმატში შეუერთდება. მისივე ინფორმაციით, პარტნიორები უკრაინისთვის ყველა საჭირო დახმარების პაკეტს მოამზადებენ.
„ვფიქრობ, ჩვენი პოზიციების გასაძლიერებლად შეხვედრას ონლაინ შევუერთდები. იქნება შესაბამისი პაკეტები, რომლებშიც ყველაფერი ყველაზე აუცილებელი იქნება. ეს საკითხი უკრაინის მეგობართა ჯგუფის მრავალმხრივი შეხვედრის დროს განვიხილეთ. ევროპელებს ვუთხარით, რამდენი PAC-2 და PAC-3 აქვთ მარაგში და ვთხოვეთ, ამ მარაგების გარკვეული ნაწილის უკრაინისთვის გადაცემაზე ემუშავათ. ეს რთული საკითხია. ძალიან ვთხოვთ მათ. ასევე, ძალიან გვჭირდება F-16 ტიპის თვითმფრინავები. მათი გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდულია, რადგან თვითმფრინავები ახალი აღარ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანას ცაში ერთდროულად ორნახევარჯერ მეტი F-16 ტიპის გამანადგურებელი სჭირდება, ვიდრე ამჟამად იყენებს.