რუსეთის ლენინგრადის ოლქში სამიზნეებზე უკრაინული დრონებით იერიში განხორციელდა. ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 49 დრონი ჩამოაგდეს.
მანამდე, ბოლო ერთი საათის განმავლობაში, დროზდენკო სოციალურ ქსელში ჯერ ექვსი, შემდეგ კი 38 ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ წერდა.
როგორც BBC წერს, დროზდენკო განცხადებებიდან გაურკვეველია, ჩამოთვლილი რაოდენობები ჯამურ მონაცემებს ასახავს თუ ყოველ ჯერზე ახალ ჩამოგდებულ დრონებზეა საუბარი.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გუბერნატორი თითოეულ პოსტში ახალ ჩამოგდებულ დრონებს გულისხმობდა. ამ შემთხვევაში, მათი საერთო რაოდენობა 93-ს აღწევს.
რუსული მონიტორინგის არხები ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ლენინგრადის ოლქის, ასევე მის სამხრეთით მდებარე ფსკოვისა და ნოვგოროდის ოლქების თავზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის შესახებ იუწყებოდნენ.
ამ დროისთვის ინფორმაცია თავდასხმის სავარაუდო სამიზნეებისა და შედეგების შესახებ არ გავრცელებულა.
დრონების საფრთხის გამო განგაში გამოცხადდა რუსეთის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის კრასნოდარის მხარეში, კერძოდ, ნოვოროსიისკში, რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რამდენიმე ოლქში, მორდოვიასა და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში.
გარდა ამისა, მოსკოვის დროით დაახლოებით 6:40 საათზე, ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლშიც ხელახლა გამოცხადდა საჰაერო განგაში.
.