აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირადად ჰკითხა, დაიწყებდა თუ არა რუსეთი უკრაინაში ომს იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი თავად იქნებოდა. ტრამპის თქმით, პუტინმა უპასუხა, რომ ეს არასდროს მოხდებოდა.
„რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ორმხრივი შეხვედრა გავმართე. მან მკაფიოდ გამოხატა სურვილი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დიპლომატიური საშუალებებით მოგვარდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, 19 ნოემბერს გამართული შეხვედრისას პუტინმა კვლავ გაიმეორა პრეტენზია, რომ შეერთებული შტატები რუსეთს ცუდად ექცეოდა.
„ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო. პუტინმა ეს გუშინ თქვა: „ეს არ უნდა მომხდარიყო. პირადად ვკითხე: დაიწყებდი თუ არა უკრაინასთან ომს, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი? მან მიპასუხა, რომ ეს არასდროს მოხდებოდა“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა მასთან საუბრისას უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულების სურვილი გამოხატა.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან პირადად კარგი ურთიერთობა აქვს და იმედი გამოთქვა, რომ მისი ურთიერთობები როგორც რუსეთის, ისე უკრაინის პრეზიდენტებთან ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.
ცნობისთვის, ტრამპი არაერთხელ ამტკიცებდა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს არ დაიწყებდა.