საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.
საელჩო „გულწრფელ სამძიმარს“ უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
„განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ მაშველების მიმართ, რომელთა დაუღალავმა შრომამ, თანაგრძნობამ და ტრაგედიის ფონზე გადარჩენილი სიცოცხლით გამოწვეულმა გულწრფელმა სიხარულმა არავინ დატოვა გულგრილი“, - წერია განცხადებაში.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.