ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა განაცხადა, რომ აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში უკრაინის შესახებ პუნქტის შეტანა იგეგმებოდა, თუმცა ამერიკულმა მხარემ საბოლოო დოკუმენტიდან მისი ამოღება უზრუნველყო.
ამის შესახებ სტუბმა ფინურ გაზეთ Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის ქალაქ შენჟენში გამართული სამიტის საბოლოო დოკუმენტის მომზადების დეტალები 19 ნოემბერს, ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დაწყებამდე გამართულ დახურულ კონსულტაციებზე გახდა ცნობილი.
სტუბის განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმoრ პუტინის მიერ ხელმოწერილი „მშვიდობის დეკლარაციის“ თავდაპირველ ვერსიაში უკრაინის შესახებ ჩანაწერი უნდა ყოფილიყო, თუმცა აშშ-მა მის საბოლოო ტექსტში დატოვებას მხარი არ დაუჭირა.
„იქ მოცემული ფორმულირება წარუმატებელი იყო, ამიტომ შეერთებულმა შტატებმა ის ამოიღო. ჩემი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ტრამპის სატელეფონო ზარზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთიდან გამოფრენის შემდეგ, თვითმფრინავიდან „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მონაწილეებთან განახორციელა.
სტუბის თქმით, ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს, რათა ევროპამ საკუთარი ფინანსური რესურსების სხვა მიზნებისთვის გამოყენება შეძლოს.
„ანუ, უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ არანაირი მოწოდება არ ყოფილა“, - განაცხადა სტუბმა.
მისი თქმით, ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ ევროპელებმა პუტინთან პირდაპირი კონტაქტი უნდა დაამყარონ.
„საქმე ისაა, რომ რუსეთში ომისა და მშვიდობის საკითხებს მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს და ეს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია“, - აღნიშნა ფინეთის ლიდერმა.
ცნობისათვის, 20 ნოემბერს გამართულ პირველ სამმხრივ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთობლივ „მშვიდობის დეკლარაციაზე“ შეთანხმდნენ. დოკუმენტი უკრაინასთან დაკავშირებულ დებულებებს არ შეიცავს.