პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, 20 ნოემბერს უკრაინაზე რუსეთის მასირებული თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში ორი რუსული რაკეტა და ერთი რეაქტიული დრონი შეიჭრა. მომხდარის გამო ვარშავა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას მოითხოვს.
კოსინიაკ-კამიშმა ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მიერ მოწვეული საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ერთ შემთხვევაში პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ Х-101-მა დაარღვია, მეორე შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, რაკეტა იყო, ხოლო მესამე ობიექტი, დიდი ალბათობით, რეაქტიული დრონი აღმოჩნდა.
მინისტრის ინფორმაციით, რუსული ობიექტების ნამსხვრევები სამ დასახლებულ პუნქტში - ნოვი ლიპოვეცში, რუდნიკ-ნად-სანემსა და მოლოდიჩეში აღმოაჩინეს. მისივე განმარტებით, ნოვი ლიპოვეცში სწორედ Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა ჩავარდა.
კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე ობიექტების ჩავარდნის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე, არ დაფიქსირებულა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება.
მან აღნიშნა, რომ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გენერალი ირენეუშ ნოვაკი გაასაჯაროებს.
„თუმცა უკვე დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაციის თავდასხმა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელმაც პოლონეთზეც იქონია გავლენა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო“, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ეს ადასტურებს, რომ რუსეთი კონფლიქტის მასშტაბებს არ ამცირებს, არ ჩერდება და მხოლოდ ახალ-ახალ ზღვარს კვეთს.
კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთმა ასეთი პროვოკაციის მოსაწყობად თარიღი განზრახ შეარჩია.
„დღეს „მსურველთა კოალიციის“ წვრთნები იმართება. ნატო-ს გენერალურ მდივანს მივმართავ თხოვნით, Eastern Sentry-ის ოპერაციის მხარდასაჭერად დამატებითი ძალები და საშუალებები გამოყოს“, - განაცხადა მან.
პოლონეთის ვიცე-პრემიერის თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესგან, პირველ რიგში, შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის სისტემებით აღჭურვილი AWACS-ის თვითმფრინავების ჩართვას მოითხოვს. ამასთან, ინიციატივას გამოთქვამს ალიანსის წევრი ქვეყნების საგანგებო სხდომის მოწვევის შესახებ.
მისი ინფორმაციით, პოლონეთის სამხედრო სარდლობამ პირველი განგაშის სიგნალები ღამის 01:40 საათზე მიიღო. მთელი ღამის განმავლობაში პოლონეთის F-16 და შვედეთის Gripen-ის ტიპის გამანადგურებლები ცაში მორიგეობდნენ.
გარდა ამისა, სამხედროებმა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ჟეშუვ-იასიონკას აეროპორტისა და ლუბლინის სავოევოდოში, შვიდნიკის მახლობლად განალაგეს. დილით კი პოლონეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს ორი AWACS-ის თვითმფრინავი გამოჩნდა.