ყველა ბრალდებას შესაბამის მტკიცებულების დონეზე უნდა გაეცეს პასუხი და ამის საშუალება სასამართლოს მიერ არ გვეძლევა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევა.
"როდესაც ვსვამთ ლეგიტიმურ კითხვებს, გვეუბნებიან, რომ ეს კითხვა არ დასვათ, ის კითხვა არ დასვათ, გააერთიანეთ კითხვები, ბევრი საქმეა ჩამოთვლილი და ყველას ხომ არ შეეხებითო, ყველა მათგანს როგორ არ უნდა შევეხოთ? საუბარია იმაზე, რომ თუ საქმეში პირობითად არის 100 მტკიცებულება მაშინ 100-ვე ხომ უნდა გავიაროთ? ეს სატელევიზიო დებატები ან ქუჩური გარჩევა ხომ არაა, რომ საბითუმოდ წარვადგინოთ ბრალდებები და ბითუმად აგოს მეორე მხარემ პასუხი? დიახ, ყველა ბრალდებას შესაბამის მტკიცებულების დონეზე პასუხი უნდა გაეცეს და ამის საშუალება სასამართლოს მხრიდან არ გვეძლევა.
მეორე, საქმეც ისაა და სასამართლომ მტკიცებულებათა გამოქვეყნების ეტაპი იმიტომ გამოტოვა, ისევე როგორც გამოკვლევის (რომელზედაც თქვა, რომ გამოკვლევას კითხვა-პასუხის ეტაპზე გავაკეთებთო), რომ მაშინ იძულებული იქნებოდა ეთქვა, რომ ერთი „მტკიცებულებაა“ საქმეში, საგამოძიებო კომისიის ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა, რომელზეც თვითონვე ამბობენ, რომ მტკიცებულება არაა, ეს არის სხვადასხვა ამბებისა და მტკიცებულებების „კომპლიცა“.
თუ ამბობენ, რომ მტკიცებულება ბევრია, მაშინ ეს მტკიცებულები ცალკე რატომ არ წარადგინეს, რომ ყველა მათგანი ინდივიდუალურად გაგვებათილებინა. ამის საშუალება ჩვენ არ მოგვეცა და ზუსტად ეს არის თავისუფალი სასამართლოს უფლების შებღალვა, რასთანაც ამ დღეებში საქმე გვაქვს“, - განაცხადა ბიბილაშვილი.