რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას მოსკოვისთვის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მიუმართავს.
ამის შესახებ ზახაროვამ 20 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი და საქართველო პირდაპირ დიალოგს აგრძელებენ, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე ქართული მხარისგან ინიციატივა არ ყოფილა.
ზახაროვამ კომენტარი გააკეთა 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრის შესახებ.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრამ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგის განახლება აღნიშნა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებები განიხილეს და რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას მიაღწიეს.
მისივე თქმით, ეს ფორმატი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით გაგრძელდება.