ჰორმუზის სრუტეში, ომანის სანაპიროსთან, 21 ნოემბერს ორ ტანკერზე თავდასხმა მოხდა. ორივე ინციდენტი ერთ საათზე ნაკლებ დროში მოხდა. ამის შესახებ Reuters დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრზე (UKMTO) დაყრდნობით იუწყება.
ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, პირველი ტანკერი ომანის ქალაქ ხასაბიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 11 საზღვაო მილის დაშორებით, დაუდგენელი ჭურვით დაზიანდა. ჭურვი გემის უკანა ნაწილს მოხვდა.
დაახლოებით 50 წუთის შემდეგ მეორე ტანკერზე თავდასხმის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია. ის ხასაბიდან აღმოსავლეთით, 17 საზღვაო მილის დაშორებით, ჭურვით დაზიანდა.
ამ ეტაპზე უცნობია, ორივე შეტყობინება ერთსა და იმავე გემს ეხება თუ ორ სხვადასხვა ტანკერს. UKMTO-ს ინფორმაციით, არცერთ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. გარემოზე შესაძლო ზემოქმედება ჯერ დადგენილი არ არის.
Reuters-ის ცნობით, ირანის საზღვაო ძალებმა 21 ნოემბერს განაცხადეს, რომ ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით, შეზღუდულ ზონაში, ნაღმზე შეჯახების შედეგად ნავთობტანკერს ცეცხლი გაუჩნდა. სააგენტოს აღნიშნული ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო და ასევე ვერ დაადგინა, ირანის განცხადება UKMTO-ს მიერ აღწერილ რომელიმე ინციდენტს ეხებოდა თუ არა.
ინციდენტები წინა დღის შემთხვევას მოჰყვა: 20 ნოემბერს ხასაბის მახლობლად კიდევ ერთ ტანკერს დაუდგენელი ჭურვი მოხვდა, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა. მაშინ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ვერსიით კი, ტანკერს ცეცხლი ნაღმზე შეჯახების შედეგად გაუჩნდა.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიო ენერგომომარაგებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო მარშრუტია, რომელზეც ირანისა და აშშ-ის კონფლიქტის დაწყებამდე მსოფლიო ნედლი ნავთობის მიწოდების თითქმის მეხუთედი მოდიოდა. ირანის მიერ სრუტეში გემების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ნაოსნობა შეფერხებულია