ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაძლო მონაწილეობამ დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტში შესაძლოა შექმნას რისკი, რომ რუსეთის საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნება ლეგიტიმურად აღიქვან იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება.
ამის შესახებ კალასმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება, მოიწვიოს კრემლის ლიდერი სამიტზე, არაერთ სერიოზულ კითხვას აჩენს.
„ეს ქმნის იმ სამხედრო დანაშაულების ნორმალიზების რისკს, რომლებიც ყოველდღიურად ხდება“, - აღნიშნა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.
კალასმა ასევე შეაფასა აშშ-ში G20-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მონაწილეობდა. მისი თქმით, ლავროვს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა არ გამოუხატავს.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა G20-ის დეკემბრის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიწვიოს, თუ ეს დადებით შედეგებს მოიტანს.
შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა ვლადიმირ პუტინი მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვია.