ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა ლიდერობს. Associated Press-ის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, მას ამომრჩეველთა დაახლოებით 52%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მეტოქეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ანდრეი გიუროვს - დაახლოებით 44%-მა.
ეგზიტპოლის შედეგებით, იოტოვა შესაძლოა ბულგარეთის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდეს, რომელიც ამ თანამდებობაზე პირდაპირი არჩევნებით აირჩიეს.
არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო. სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, მან დაახლოებით 27-29% შეადგინა.
62 წლის ილიანა იოტოვა, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას იანვრიდან ასრულებს, პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის პარტია „პროგრესული ბულგარეთის“ მხარდაჭერით მონაწილეობდა არჩევნებში. მისი მთავარი მეტოქე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი გიუროვი, პროდასავლური ოპოზიციური ძალების მხარდაჭერით სარგებლობდა.
საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომი იყო. იოტოვა კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ემხრობა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას ეწინააღმდეგება. გიუროვი კი უკრაინის მხარდაჭერას და დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირთან, უფრო მჭიდრო თანამშრომლობას უჭერს მხარს.
ბულგარეთის პრეზიდენტის უფლებამოსილებები ძირითადად ცერემონიული ხასიათისაა, თუმცა მას შეუძლია კანონებზე ვეტოს დადება, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერა. პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.