უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვედრის გამართვას თურქეთში სთავაზობს. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ შეხვედრის ორგანიზებაში დაეხმარება. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე შესაძლებელია იმ საკითხების განხილვა, რომელთა მოგვარებაც მოლაპარაკებების მონაწილე დელეგაციებმა და ტექნიკურმა ჯგუფებმა ვერ შეძლეს.
„სწორედ ამიტომ მსურს მას შევხვდე, როგორც ადამიანს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გამორიცხა უკრაინის ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში აღიარება და აღნიშნა, რომ კიევი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარს არ იტყვის.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს ტერიტორიებს არ დავთმობთ. ვერ ვაღიარებთ, რომ რუსეთის დროებითი ოკუპაციის ქვეშ მყოფი ჩვენი ტერიტორიები, მათ შორის ყირიმი და აღმოსავლეთის რეგიონები, რუსეთს ეკუთვნის. ეს ჩვენს ღირსებას, საზოგადოების ნებასა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, პირველ ეტაპზე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სხვა საკითხების განხილვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე ქვეყნის მომავალზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.
„უკრაინის გარეშე უკრაინის ბედს ვერ გადაწყვეტთ. ეს უსამართლო იქნება და არანაირ შედეგს არ მოიტანს“, - თქვა ზელენსკიმ.
ინტერვიუში მან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია უსაფრთხო საზღვაო დერეფნის არსებობა და შესაბამისი წესების შემუშავება, რათა დაცული იყოს როგორც უკრაინის პორტებში შემავალი, ისე რუსეთის პორტებისკენ მიმავალი გემები.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ ამჟამად ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით გაცილებით მეტ რესურსს მიმართავს, ვიდრე უკრაინის დასახმარებლად.
„ფაქტია, რომ ახლა დღის წესრიგში ევროპის უსაფრთხოება კი არა, ახლო აღმოსავლეთია. ასევე ფაქტია, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში გაცილებით მეტ რესურსს მიმართავს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსეთის დარტყმების ერთ-ერთი მიზანი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება და ზამთარში მოსახლეობის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვებაა.