დანიის მთავრობა გრენლანდიის თავდაცვის ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის. მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუნძულის შეერთებულ შტატებთან შეერთების სურვილი გამოთქვა. იუწყება ВВС.
დანიის თავდაცვის მინისტრის ტროელს ლუნდ პოულსენის თქმით, ისინი გეგმავენ დამატებით 1,5 მილიარდი დოლარის დახარჯვას გრენლანდიის დაცვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა დანახარჯების ზუსტი ოდენობა არ დაასახელა, ზოგიერთი დანიური მედია წერს, რომ საუბარია 12-15 მილიარდ კრონზე.
დამატებითი თანხა დაიხარჯება ორი ახალი საპატრულო გემის, ორი შორი დისტანციური უპილოტო საფრენი აპარატის შესაძენად, ასევე გრენლანდიაში არქტიკული სარდლობის პერსონალის გაფართოებაზე და კუნძულის სამი ძირითადი სამოქალაქო აეროპორტიდან ერთ-ერთის განახლებაზე, რათა მას შეეძლოს უახლესი F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიღება
”ჩვენ არქტიკაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩაგვიდვია მრავალი წლის განმავლობაში, ახლა ვგეგმავთ ჩვენი ყოფნის გაზრდას”, - თქვა მან.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კუნძულის თავდაცვის გაძლიერების გეგმა მართლაც დიდი ხანია განიხილება და, შესაბამისად, შეიძლება არ იყოს პირდაპირი პასუხი ტრამპის განცხადებაზე.
დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კუნძული გრენლანდია, რომელიც ავტონომიის უფლებით, იდანიის ნაწილია, "აბსოლუტურად აუცილებელია" შეერთებული შტატებისთვის. ხუთი წლის წინ ტრამპმა უკვე შესთავაზა კოპენჰაგენს გრენლანდია ამერიკისთვის მიეყიდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა დე ფაქტო დაიკავა გრენლანდია, რათა ის გერმანელების ხელში არ ჩავარდნილიყო. კუნძული გახდა ევროპაში ამერიკული ოპერაციების მნიშვნელოვანი ბაზა.
ომის დასრულების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა კუნძული დანიის კონტროლს დაუბრუნა, მაგრამ შესთავაზა მისი გამოსყიდვა, რაზეც უარი მიიღო.
თუმცა კუნძულზე ჯერ კიდევ არის დიდი ავიაბაზა, რომელსაც ამერიკელები ნატო-ს პარტნიორობის ფარგლებში იყენებენ.