აშშ-ის კალიფორნიის შტატში, მანჰეტენ-ბიჩის დასავლეთით, დაახლოებით 6 კილომეტრში, 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ABC News აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე (USGS) დაყრდნობით წერს.
მიწისძვრა შაბათს, 28 ნოემბერს დაფიქსირდა.
ლოს ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის (LAFD) განცხადებით, ამ დროისთვის შენობების დაზიანებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
უწყების ცნობით, ქალაქის 106-ვე სახანძრო განყოფილება მიწისძვრის შედეგების შესაფასებლად მუშაობს. მაშველები ტერიტორიას ხმელეთიდან, ჰაერიდან და წყლიდან ამოწმებენ და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და სხვა ობიექტების მდგომარეობას აფასებენ.
„ლოს ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტი მიწისძვრაზე რეაგირების რეჟიმში გადავიდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. საერთაშორისო აეროპორტში ჭერის პანელები ჩამოიშალა, ხოლო Chevron-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თავზე კვამლის სქელი ღრუბლები გამოჩნდა.
მთავარ ბიძგს რამდენიმე განმეორებითი ბიძგი (აფთერშოკი) მოჰყვა, რომელთა სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდას მიაღწია.
აღნიშნული მიწისძვრა 2014 წლის შემდეგ უშუალოდ ლოს ანჯელესის მახლობლად მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.