ნიუ იორკში, რუსეთის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.
კრემლი უკრაინას, შეერთებული შტატების ხელშეწყობით, ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში სდებს ბრალს.
გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს ბიოლოგიური იარაღის პროგრამა.
რუსეთის ბრალდებების პასუხად, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, გაეროს განიარაღების პროგრამის ხელმძღვანელმა, იზუმი ნაკამიცუმ განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის პროგრამის არსებობის შესახებ.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი, სერგი კისლიცა, რომელმაც დაგმო რუსეთი, აგრესორი სახელმწიფო მისი სიცრუის, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო.
"რა იქნება შემდეგი სამიზნე? კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი? კიდევ ერთი სამშობიარო? რუსეთის ჯარებმა უკვე დაარტყეს ამ ადგილებს", - თქვა კისლიცამ.
უკრაინელმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა მარიუპოლის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღეა რუსეთის საოკუპაციო ძალების ბლოკადისა და მუდმივი თავდასხმის ქვეშ იმყოფება.
"რუსეთის განურჩეველმა საჰაერო თავდასხმებმა და დაბომბვამ თითქმის გაანადგურა მარიუპოლი. დაიღუპა ამ ქალაქის 1 582 მშვიდობიანი მცხოვრები, ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით. პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადამიანები უკრაინის ქალაქებში მასობრივ საფლავებში დაკრძალეს", - თქვა კისლიცამ.
შეგახსენებთ, მარიუპოლის საქალაქო საბჭოს განცხადებით, რუსეთის აგრესიას ქალაქში 1582 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
"12-დღიანი ბლოკადისა და საცხოვრებელი უბნების უმოწყალო დაბომბვის შედეგად რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 1 582 მშვიდობიანი მარიუპოლელი მოკლეს. თითოეული ოკუპანტი ჯოჯოხეთში დაიწვება. არასდროს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ ამ დანაშაულს კაცობრიობის, უკრაინის, მარიუპოლის წინააღმდეგ!“ - ნათქვამია საქალაქო საბჭოს განცხადებაში.