საერთაშორისო წითელი ჯვარი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბლოკირებულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში არსებულ ვითარებას აღწერს.
მარიუპოლში წითელი ჯვრის წარმომადგენლობის მეთაურის საშა ვოლკოვის განცხადებით, ქალაქში საკვებისა და წყლის მარაგები სახიფათოდ დაბალ დონეს აღწევს.
ოთხშაბათს ჩაწერილ აუდიო შეტყობინებაში ვოლკოვი ამბობს, რომ ოჯახებს არ აქვთ სურსათი შვილების გამოსაკვებად.
"ზოგიერთ რაიონში სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ ხალხმა დაიწყო ერთმანეთზე თავდასხმა საკვების გამო", - ამბობს ვოლკოვი.
ვოლკოვის თქმით, მარიუპოლოში გაჩნდა "ბოსტნეულის ერთგვარი შავი ბაზარი", თუმცა ამ ბაზარში "ხორცს ან რამე მსგავსს ვერაფერს ნახავთ".
ვოლკოვმა თქვა, რომ ზოგიერთ ადამიანს ჯერ კიდევ აქვს საკვები, თუმცა "არ ვარ დარწმუნებული, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს".
ვოლკოვი ასევე ამბობს, რომ ქალაქში მედიკამენტების მარაგებიც იწურება. "ქალაქში არსებული აფთიაქები 4-5 დღის წინ გაძარცვეს", თუმცა ზოგიერთი საავადმყოფო აგრძელებს ფუნქციორებას.
"ბევრი ჩვენგანი ავად ხდება ტენიანობისა და სიცივის გამო, რაც აქ არის. მათ წასასვლელი არსად აქვთ", - დასძენს ვოლკოვი.
მისივე განცხადებით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში არიან დიაბეტით და სიმსივნით დაავადებული ადამიანები, რომელთა საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს ომის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემა.
ალყაში მოქცეული ქალაქი რამდენიმე დღეა წყლის, ელექტროენერგიის და ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი.
მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა და მარიუპოლში მარაგების შეტანის მრავალი მცდელობა ჩაიშალა. დღეს უკრაინამ განაცხადა, რომ ქალაქისკენ მიმავალი ჰუმანიტარული კოლონა იძულებული გახდა შემობრუნებულიყო ბრძოლების გამო.