რუსეთის დაჟინებული მოთხოვნით, ნიუ იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება.
კრემლი უკრაინას, შეერთებული შტატების ხელშეწყობით, ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში სდებს ბრალს.
გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს ბიოლოგიური იარაღის პროგრამა.
"არ არსებობს უკრაინული ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიები, რომლებსაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს, არც რუსეთის საზღვართან და არც სადმე სხვაგან", - თქვა გრინფილდმა.
ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, უკრაინა მართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებს Covid-19-ის მსგავსი დაავადებების აღმოსაჩენად და დიაგნოსტირებისთვის.
"თუ ვინმეს აქვს ბიოლოგიური იარაღი, ეს რუსეთია, რომელიც დიდი ხანია ინარჩუნებს ბიოლოგიური იარაღის პროგრამას საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით", - დასძინა ამერიკელმა დიპლომატმა.
მისივე განცხადებით, რუსეთს აქვს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების კარგად დოკუმენტირებული ისტორია.
ამავდროულად, დიპლომატის თქმით, აშშ სერიოზულად შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, შესაძლოა, ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტების გამოყენებას გეგმავდეს.
ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, სავარაუდოდ, კრემლი ბიოლოგიური იარაღის შესახებ დეზინფორმაციას იყენებს, რათა უკრაინაში მის მიერ ასეთი იარაღის შესაძლო გამოყენების საფუძველი მოამზადოს.
"რუსეთი ცდილობს გამოიყენოს უშიშროების საბჭო დეზინფორმაციის ლეგიტიმაციისთვის და ხალხის მოსატყუებლად, რათა გაამართლოს პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ", - დასძინა მან.
მანამდე, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა იპოვეს მტკიცებულება "მინიმუმ 30" ბიოლოგიური ლაბორატორიის ქსელის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს რამდენიმე "ლეტალური დაავადების" გაძლიერებას.
მისი თქმით, ობიექტებზე "ძალიან საშიში ბიოლოგიური ექსპერიმენტები" ჩატარდა აშშ-სთან კოორდინაციით.
ნებენზიას ამ ბრალდებების არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
რუსეთის ბრალდებების პასუხად, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, გაეროს განიარაღების პროგრამის ხელმძღვანელმა, იზუმი ნაკამიცუმ განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის პროგრამის არსებობის შესახებ.