დღეს უკრაინაში რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთიდან ცხრა ბავშვი დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„უკრაინაში ბრუნდება ცხრა ბავშვი, შვილიშვილთან ერთად მყოფი ბებია და ანასტასია - ოლეშკის ბავშვთა პანსიონატის აღსაზრდელი, რომელსაც განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება.
ესენი არიან ხერსონის ოლქის, ზაპოროჟიესა და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაბრუნებული ბავშვები. ვალერია, მარტა, მიკოლა, რუსლანი, სოფია, დავიდი, ოლექსი, ოლექსანდრი და ყველაზე უმცროსი - არტიომი, რომელიც სულ რაღაც რვა წლისაა“, - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა მათგანი საჭირო დახმარებას მიიღებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს, დახმარებისა და შუამავლობისთვის.
ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის უკრაინაში დაბრუნებულია 2 875 ბავშვი.
„ჩვენ თითოეული მათგანი გვახსოვს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვიპოვოთ ისინი და დავაბრუნოთ ოჯახებსა და ახლობლებთან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.