ხვალ, 25 იანვარს, 18:00 საათზე, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება მიხა ხელაშვილისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო. საღამპოს წარუძღვება პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი.
მონაწილეობენ: გიგი ხორნაული, ნანა კოტეტიშვილი, ელდინო საღარაძე, სოფიკო ჯერვალიძე და სხვები. ანსამბლები:"ინანა", "საგალობელი"- მაია მიქაბერიძის ხელმძღვანელობით.
ღონისძიება საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.
მიხეილ (მიხა) ხელაშვილი დაიბადა 1900წ. 25 იანვარს, ხოლო 1925წლის 25 იანვარს გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს.
ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წწ. ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და "შეფიცულთა რაზმის" წევრი იყო. ავტორია პოპულარული ლექსების: „ლექსო ამოგთქომ", „ბინდისფერია სოფელი", რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წწ. მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.