ფლორიდის შტატში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დაახლოებით 11 კილომეტრში, კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ავიაკატასტროფა 1-ელ ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:50 საათზე, პალმ-ბიჩის ოლქში, გრინეკრესის დასახლებაში მოხდა. Bombardier Learjet 60-ის ტიპის თვითმფრინავი ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინიდან ბაჰამის კუნძულებისკენ მიემართებოდა.
აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა შონ დაფიმ დაადასტურა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა.
თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ეცემა თვითმფრინავი მაღალი სიჩქარით მიწაზე და შეჯახებისას ძლიერი აფეთქება ხდება. თვითმფრინავი საცხოვრებელ უბანში, გზის მახლობლად ჩავარდა და საცხოვრებელ სახლებსა და გამვლელ ავტომობილებს ძალიან ახლოს დაეცა.
პალმ-ბიჩის ოლქის ხელისუფლების განცხადებით, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 600 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი დროებით ორ თავშესაფარში გადაიყვანეს.
Reuters-ის ცნობით, საჰაერო მოძრაობის მართვის ჩანაწერებში ისმის, რომ პილოტი თვითმფრინავის მოყინვისა და ზომიერი ტურბულენტობის შესახებ იტყობინებოდა. მოგვიანებით მან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ თვითმფრინავი სწრაფად კარგავდა სიმაღლეს. ფრენის ბოლო წამებში პილოტმა თქვა, რომ თვითმფრინავი მიწას შეეჯახებოდა.
შემთხვევის დროს რეგიონში ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი იყო.
ავიაკატასტროფის მიზეზებს აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებენ.