ხერსონის ოლქში, ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარების მიზნით გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა. ამჟამად მხარეები მსგავსი ჰუმანიტარული ღონისძიებების გაგრძელების შესაძლებლობებს განიხილავენ.
ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დუმილის რეჟიმი 27 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით მოქმედებდა.
„დუმილის რეჟიმი, რომელიც 27 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე მოქმედებდა, დასრულდა.
ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი ერთობლივ ჰუმანიტარულ საქმიანობაში, რომელსაც რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულ იანა ლანტრატოვასთან ერთად, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის კოორდინაციით ვახორციელებდით.
ამ პერიოდში მხარეები ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდნენ. ამან შესაძლებელი გახადა ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა და იმ მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარება, რომელსაც ქალაქის უსაფრთხოდ დატოვება სურდა“, - განაცხადა ლუბინეცმა.
მისივე თქმით, ის და ლანტრატოვა ამჟამად მსგავსი ჰუმანიტარული ღონისძიებების გაგრძელების შესაძლებლობებს ამუშავებენ.
„მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ თანამშრომლობის ეს მექანიზმი, რათა მომავალშიც დავეხმაროთ ადამიანებს და გადავარჩინოთ სიცოცხლეები“, - დასძინა მან.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოქმედების პერიოდში ქალაქის დატოვება 500-ზე მეტმა მცხოვრებმა შეძლო. მათი ევაკუაცია ყირიმის ნახევარკუნძულის გავლით, რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა, საიდანაც ისინი თვითმფრინავით ბელარუსში გადაიყვანეს. შემდეგ კი უკრაინაში, კიევისა და ჩერნიჰივის ოლქების გავლით დაბრუნდნენ.