აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კუბის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, მათ შორის რუსეთის, ჩინეთისა და ირანისთან სამხედრო თანამშრომლობის გამო.
უწყების განცხადებით, სანქციები დაუწესდა ხუთ კუბურ ორგანიზაციასა და რვა ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ კუბის რევოლუციური შეიარაღებული ძალების და რეჟიმის ძალოვანი სტრუქტურებისთვის საზღვარგარეთ სამხედრო ტექნიკის შესყიდვაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, კუბის კომუნისტური რეჟიმი ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოა, რომელიც აშშ-ის წინააღმდეგ ჯაშუშურ და სხვა ოპერაციებს ატარებს და თანამშრომლობს ვაშინგტონის მოწინააღმდეგე ქვეყნებთან - ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან.
"კუბის კომუნისტური რეჟიმი ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოა, რომელიც საკუთარ სამხედრო და სადაზვერვო აპარატს იყენებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ ჯაშუშობისთვის, ძალადობრივი რადიკალებისა და ტერორისტული ჯგუფებისთვის მატერიალური დახმარების გასაწევად და აშშ-ის შიდა პოლიტიკურ სივრცეში „მავნე მარქსისტული იდეოლოგიის“ გასავრცელებლად. ამავე დროს, კუბა წარმოადგენს პლაცდარმს აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებისთვის - რუსეთისთვის, ჩინეთისა და ირანისთვის, რათა მათ შეერთებული შტატების წინააღმდეგ ოპერაციები განახორციელონ.
კუბის სამხედრო და სადაზვერვო სტრუქტურები ასევე ქვეყნის შიგნით რეპრესიების მთავარი განმახორციელებლები და კლეპტოკრატიული სისტემის მნიშვნელოვანი რგოლებია, განსაკუთრებით სამხედრო კონტროლქვეშ მყოფი კონგლომერატის - Grupo de Administración Empresarial S.A. (GAESA) - მეშვეობით. დღეს ტრამპის ადმინისტრაცია დამატებით ზომებს იღებს ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად და სანქციებს უწესებს იმ ორგანიზაციებსა და პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჰავანის სამხედრო კავშირებსა და კუბის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებას",- აღნიშნულია სახდეპის განცხადებაში.
სანქციები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაბამისი აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე დაწესდა.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ კომპანიები Tecnoimport, Duna S.A., Union de Industria Militar, Empresa Militar Industrial Yuri Gagarin და Tecnotex. მათი საქმიანობა, აშშ-ის ცნობით, უკავშირდება ჩინეთიდან და რუსეთიდან კუბისთვის სამხედრო ტექნიკის შესყიდვასა და მიწოდებას, ასევე რუსული წარმოების სამხედრო თვითმფრინავების შეკეთებასა და რუსული შეიარაღების სისტემების მოდერნიზაციას რუსეთის თავდაცვით ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
ფიზიკურ პირებს შორის, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ, მოხვდნენ:
კუბის რევოლუციური შეიარაღებული ძალების სამინისტროს (MINFAR) ხელმძღვანელი ალვარო ლოპეს მიერა;
გენერალური შტაბის უფროსი რობერტო ლეგრა სოტოლონგო;
კუბის სამხედრო ატაშე რუსეთში მონიკა მილიან გომესი;
კუბის სამხედრო ატაშე ჩინეთში;
ასევე, შეიარაღებული ძალების სამინისტროს მაღალჩინოსნები და სამხედრო-სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელები.