რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, გენერალ ალექსანდრ ჩაიკოს 25 წლის ქალიშვილი, მარია ჩაიკო, სავარაუდოდ, დაშავდა მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ში 1-ელ აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ The Moscow Times გამოცემა „ვიორსტკაზე“ დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ REN TV-ისა და Telegram-არხ „112“-ის მიერ გავრცელებულ დაშავებულთა სიაში ფიგურირებს 25 წლის „მარია პ.“, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს ღია ქალა-ტვინის ტრავმით.
ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ მონაცემთა ბაზებიდან გაჟონილ ინფორმაციაში მარია ჩაიკო გვარად პერედრი ფიქსირდება. ასევე, ემთხვვევა მარია ჩაიკოსა და მარია პერედრის დაბადების წელი და საცხოვრებელი მისამართი.
„ვიორსტკას“ ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, დაიღუპა მარია ჩაიკოს მეუღლეც. დაღუპულთა სიაში ფიგურირებს 27 წლის „დანიილ პ.“, რომელსაც გამოცემა აიდენტიფიცირებს როგორც დანიილ პერედრის - სავარაუდოდ, გენერლის ქალიშვილის მეუღლეს. მისი შესაძლო დაღუპვის შესახებ ასევე დაწერა ბლოგერმა ანატოლი შარიიმ, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება 1-ელ აგვისტოს საღამოს მოხდა. მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს რესტორანში გენერლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, რესტორანში აფეთქდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის შეტანასაც ქალი საჩუქრის სახით ცდილობდა.
ბოლო მონაცემებით, აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 21 ადამიანი დაშავდა. ვარაუდობენ, რომ თავდასხმის შესაძლო სამიზნე შესაძლოა თავად ალექსანდრ ჩაიკო ყოფილიყო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებთან აკავშირებს.