მოეშვით ამ კდემას ბრიუსელის მიმართ, რახან ბრიუსელმა თქვა, ამიტომ ეს არის ჭეშმარიტება, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტის კითხვას, თუ რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მიერ საქართველოსთან მიმართებით გამოქვეყნებულ ანგარიშზე.
როგორც პაპუაშვილი მიიჩნევს, ანგარიში ავტორიტეტს არ ნიშნავს.
„ერთ რამეს უნდა დავაკვირდეთ, ანგარიში და გვერდები არ ნიშნავს სიმართლეს და ეს არ არის ავტორიტეტი, მოეშვით ამ კდემას ბრიუსელის მიმართ, რახან ბრიუსელმა თქვა, ამიტომ ეს არის ჭეშმარიტება. ბრიუსელმა იცით, კიდევ რა თქვა 4 წლის წინ? რომ მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა და მას სათანადო სამედიცინო დახმარებას არ უწევენო. ეს აღმოჩნდა ტყუილი. ანუ აქეთ იყო ბრიუსელი თავისი 27 ქვეყნით, გუშინ, დროშებს რომ გვაჩვენებდა ბატონი ელჩი, ამ 27-მა ქვეყანამ თქვა ტყუილი. ასე რომ ბრიუსელმაც შეიძლება თქვას ტყუილი. შეიძლება თქვენთვის დაიმსხვრა სამყაროს წარმოდგენა და კეთილი-ბოროტის გაყოფა, მაგრამ ბრიუსელმაც შეიძლება თქვას ტყუილი, შევთანხმდეთ ამაზე.
ახლა, ავიღოთ ეს დოკუმენტი [ევროკომისიის ანგარიში საქართველოს შესახებ] და ჩავხედოთ შიგნით, როცა საუბრობენ თვითნებურად დაკავებულებზე, ხომ მარტივი ტყუილია ბრიუსელის მხრიდან? ვეკითხებით, ვინ არის და ვერ გვპასუხობენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა
["ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვა: მარტივად გეტყვით, რატომ ზის დღეს ვახო სანაია ციხეში].
„[ციხეში] ჩემ გამო არაა, ის არის თავისი უხამსობის გამო. მე საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ. არც მე, არც სხვა. ყველა პასუხისმგებელია საკუთარ ქცევაზე. ის, რომ უხამსობა საჯარო სივრცეში არის მიუღებელი, იცის ყველამ. ამას ასწავლიან ოჯახში, ბაღში, სკოლაში, ხანდახან უნივერსიტეტში და ზოგადად, ცხოვრება ასწავლის ამას ადამიანს, რომ უხამსობა არ უნდა იყოს. თუკი ვინმეს მიმართ გამოიყენება ზომები უხამსობის გამო, ეს არის მათი ქცევის გამო. უხამსობა რომ არ იყოს საჯარო სივრცის ნაწილი, სწორედ ეს არის ჩვენი საზოგადოებისა და კანონმდებლობის მოთხოვნა.
ყველაფერზე არის მართლმსაჯულების გადაწყვეტილება, თქვენ გაიხედეთ აბა, რატომ ისჯებიან გერმანიაში, ბრიტანეთში. 1800 საჩივარი აქვს შეტანილი გერმანიის კანცლერს მის წინააღმდეგ შეურაცხყოფის გამო.
სურთ დაამკვიდრონ უხამსობა, გინება, დედის გინება, უნდათ დაამკვიდრონ, როგორც პოლიტიკური დისკუსიის ნაწილი. თქვენ ამის მომხრე ხართ? ( "პირველების" ჟურნალისტი: არ ვართ მომხრე, მაგრამ შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში იგინებოდა). მთავარია ჩვენ გვინდა, რომ უხამსობა ზოგადად საზოგადოებრივ სივრცეში არ იყოს პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური დისკუსიის ნაწილი, ვინაიდან საბოლოო ჯამში უხამსობა იწვევს დაპირისპირებას და ა.შ.", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.