ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპის ძლიერი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, მომდევნო მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება ევროპის უსაფრთხოებას.
„დიპლომატიას წარმატების საუკეთესო შანსი უნდა მივცეთ. ბოლო კვირების განმავლობაში სამშვიდობო მოლაპარაკებებში ახალი დინამიკა დავინახეთ. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ძლიერი ევროპული გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის უსაფრთხოება პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და საკუთარი ევროპული ინტერესების დაცვას.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოლაპარაკებების პროგრესს რუსეთის ქმედებებით შეაფასებს და არა მხოლოდ მისი განცხადებებით.
ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, დათანხმდეს ზამთრის განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტას, ასევე შავ ზღვაში საკვები პროდუქტების ექსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად ცეცხლის შეწყვეტას. მისი თქმით, ეს ნაბიჯები აჩვენებდა, რამდენად სერიოზულად ეკიდება მოსკოვი მოლაპარაკებებს.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი პროგრესს რუსეთის ქმედებებით შეაფასებს და არა მისი განცხადებებით.
„როგორც გასულ კვირას „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განვიხილეთ, რუსეთი უნდა დათანხმდეს ზამთრის პერიოდში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტას და შავ ზღვაში სურსათის თავისუფალი ექსპორტის უზრუნველსაყოფად ცეცხლის შეწყვეტას“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, სწორედ ამ ნაბიჯებს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმის საჩვენებლად, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება რუსეთი მოლაპარაკებებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელ ხალხს ყველაზე მეტად მშვიდობის დამყარება სურს.
„ევროპა ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინელ ხალხს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმაროს. ამიტომ ჩვენი მიდგომა ორ განსხვავებულ მიმართულებას მოიცავს. პირველი გულისხმობს უკრაინის მაქსიმალურ მხარდაჭერას და ამავდროულად რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელებას. მეორე კი მოლაპარაკებებში ევროპის სრულფასოვან მონაწილეობას ითვალისწინებს, გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ომის დაწყებიდან ევროკავშირმა უკრაინას 235 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარება გაუწია. ევროკავშირის დახმარებით უკრაინის 2026 წლის ფინანსური საჭიროებები დაკმაყოფილებულია, თუმცა ქვეყანას უფრო მასშტაბური მხარდაჭერა სჭირდება.
„ყველამ ვიცით, რომ მომავალ წელს უკრაინა 70 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ, გასულ კვირას ახალი ინიციატივით გამოვედით, რომელსაც „უკრაინის კოორდინირებული მხარდაჭერის მექანიზმი“ ვუწოდეთ. მისი ფარგლებში, 2027 წელს უკრაინას 45 მილიარდი ევრო გამოეყოფა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ევროპა უკრაინის ფინანსური საჭიროებების ორ მესამედს დაფარავს: 20 მილიარდ ევროს საბიუჯეტო დახმარებისთვის, ხოლო 25 მილიარდ ევროს სამხედრო საჭიროებებისთვის.