პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ვარშავა კვლავ ელოდება ვაშინგტონის ოფიციალურ განცხადებას პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სამი რუსული ფრთოსანი რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტზე.
ამის შესახებ მინისტრმა პოლონურ რადიო RMF FM-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ისეთი რეაქცია, როგორსაც ველოდით, არ ყოფილა“, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე გაურკვეველია, ვაშინგტონის დუმილი მშვიდობის მიღწევის სურვილით არის განპირობებული თუ ამერიკულ მხარეს დამატებითი დეტალების მიღება სურს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ვარშავა მომხდარის შესახებ პენტაგონს მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას. ამასთან, აშშ-ის წარმომადგენლები პოლონეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი რაკეტების ნამსხვრევების შესწავლაშიც მონაწილეობდნენ.
კოსინიაკ-კამიშმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აუხსნის, რა შედეგებს აწყდებიან ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყნები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო.
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე Х-101 ტიპის სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. პოლონეთის ხელისუფლებამ მომხდარის გამო ნატო-ს საგანგებო შეხვედრაც მოიწვია. ალიანსმა პოლონეთში საჰაერო ადრეული გაფრთხილების AWACS-ის თვითმფრინავის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო.