რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, მიხაილ გალუზინსა და გიორგი ზურაბაშვილს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა განაცხადა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, რიჟენკოვმა ამის შესახებ ბელარუსისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების კოლეგიების ერთობლივი სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბელარუსი მიესალმება მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთნდობის განმტკიცების მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.
„ძალიან გვიხარია, რომ ხანგრძლივი და საკმაოდ შინაარსიანი მოლაპარაკებების შედეგად, რომელთა შესახებაც ორივე მხარის წარმომადგენლებისგან გვაქვს ინფორმაცია, მხარეებმა ურთიერთნდობის განმტკიცებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ამან შესაძლებელი გახადა შემდგომი მოლაპარაკებების უკვე ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადატანა“, - განაცხადა რიჟენკოვმა.
მისი თქმით, ბელარუსული მხარე ამას მინსკში გამართული მოლაპარაკებების მთავარ დადებით შედეგად მიიჩნევს.
„არაფერია იმაზე უკეთესი და, ფაქტობრივად, უფრო საიმედო, ვიდრე დედაქალაქებში გამართული მოლაპარაკებები, როდესაც მხარეები ურთიერთგაგების ისეთ დონეს აღწევენ, რომ შეუძლიათ ერთმანეთს ესტუმრონ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელონ“, - აღნიშნა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა.