აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების მიწოდების შესახებ კითხვის საპასუხოდ, განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას „300 მილიარდი დოლარის ღირებულების ძალიან ბევრი იარაღი“ გადასცა.
ტრამპმა ამის შესახებ ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება შორი მოქმედების რაკეტები, მათ შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
„ჩვენ თვითონაც გვჭირდება რაკეტები. ბაიდენმა მას იმდენი მისცა... ბაიდენმა 300 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა გადასცა. როდესაც თანამდებობა დავტოვე, ჩვენი სამხედრო მარაგები სრულად შევსებული იყო, ახლა კი მათი აღდგენა გვიწევს.“ - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის მიერ გახშირებულ თავდასხმებზე.
„მისმინეთ, ჩვენ ამასთან კავშირი არ გვაქვს. ჩვენს შორის ოკეანეა. მაგრამ არ მსიამოვნებს, როცა ვხედავ, როგორ იღუპებიან ახალგაზრდები,“ - განაცხადა მან.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ს საბრძოლო მასალის მარაგები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში აქვს განთავსებული და საჭიროების შემთხვევაში აიღებენ.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს „გარკვეული ტიპის ძალიან მძლავრი საბრძოლო მასალა, რომლის მარაგებიც პრაქტიკულად შეუზღუდავია“.
„არის სხვა ტიპის საბრძოლო მასალაც, რომლის მარაგები შედარებით შეზღუდულია, თუმცა მათ ყოველდღიურად ვაწარმოებთ,“ - დასძინა ტრამპმა.