უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სანაპირო დაცვის ხომალდები დააზიანეს.
უწყების ცნობით, ოკუპირებული ქერჩის პორტის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაზიანდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სანაპირო დაცვის ორი საპატრულო ხომალდი - „ბალაკლავა“ და „ქერჩი“.
გარდა ამისა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმაც, რომლის შესახებაც მანამდე უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
„წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა ნედლი ნავთობის ოთხი РВС-2000 ტიპის რეზერვუარი, რამაც ნავთობის დაღვრა გამოიწვია. ორი რეზერვუარი ცეცხლმა მოიცვა. გარდა ამისა, დაზიანდა საკვანძო ტექნოლოგიური დანადგარები ЭЛОУ-1 და АВТ-3, სადაც ასევე გაჩნდა ხანძარი“, - ნათქვამია განცხადებაში.