რუმინეთში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს გაიმართება, ხოლო მეორე ტური ორი კვირის შემდეგ, 18 მაისს.
არჩევნების თარიღზე ქვეყნის მმართველი კოალიციის წევრი პარტიები - სოციალ-დემოკრატები, ეროვნული ლიბერალები, უნგრეთის უმცირესობის პარტია და პარლამენტში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
უახლოეს დღეებში რუმინეთის მთავრობა გამოაქვეყნებს განკარგულებას არჩევნების თარიღის ოფიციალურად დანიშვნის თაობაზე.
რუმინეთის მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა ასევე დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა ეროვნულ ლიბერალური პარტიის ყოფილი ლიდერის კრინ ანტონესკუს მიმართ, როგორც ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი. პარტიებმა ანტონესკუს კანდიდატურა გასულ თვეში გამოაცხადეს.
შეგახსენებთ, 6 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები რუსეთის ჩარევის გამო გააუქმა. შესაბამისად, გააუქმა არჩევნების მეორე ტურიც, რომელიც 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა, რათა ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე საპრეზიდენტო კანდიდატს - კალინ ჯორჯესკუს გაემარჯვა.
24 ნოემბერს გამართული პირველი ტურის შედეგებით ჯორჯესკუმ 23%-იანი მხარდაჭერით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ლიბერალმა ელენა ლასკონიმ ხმების 19.18% მოიპოვა.
რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე გაასაჯაროვა დაზვერვის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთი სოციალურ მედიაში, მათ შორის, TikTok-სა და Telegram-ზე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯორჯესკუს ათასობით მხარდამჭერ ანგარიშს მართავდა.